Monday, December 3, 2012

თქმულებები


ისევე როგორც ყველა სოფელში, ჩემს სოფელშიც არსებობს სხვადასხვა თქმულება და ამბავი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღესაც არსებობს. ვფიქრობ ეს ყოველივე ისტორიის ნაწილია და ამ ნაშრომში მინდა ჩავურთო რამოდენიმე მათგანი.
„ქვადედაკაცა“
რუისის სარწყავი არხის „დიდრუს“ მახლობლად მდებარე სახნავ ფართობზე იდო ერთი ქვა, რომელიც დაახლოებით ას კილომდე იქნებოდა. ამ ქვას რუისელები „ქვადედაკაცას“ უწოდებდნენ.
ძველად, ქართლსა და კახეთს ხშირად ესხმოდნენ თავს ლეკები, იტაცებდნენ და ძარცვავდნენ ხალხს. ერთ გაზაფხულზე გუთნით ხნავდნენ თურმე მიწას, შუადღით, სადილობისას დიასახლისმა სამხარი წაუღო მუშებს. გზაში ხალხის წიოკის ხმა გაიგონა. მალე შენიშნა მისკენ მომავალი ლეკები, რომლებსაც მოტაცებული ადამიანები და პირუტყვი მოჰყავდათ. ქალი მიხვდა, რომ ვერც გაიქცეოდა და ვერც დაიმალებოდა. მან მიწიდან კენჭი აიღო და ღმერთს შეევედრა: „ღმერთო ამ კენჭივით გამაქვავეო“ და გადაყლაპა. ლეკები რომ მივიდნენ ქალის ნაცვლად ქვა დახვდათ. გაბოროტებულებმა დააძრეს ხანჯლები და ქვას რამდენჯერმე შემოჰკრეს. ნახანჯლევი ადგილიდან ცოტა სისხლი გადმოსულა. მტერმა მალე მიატოვა ქვა.
ქვას რუისელებმა „ქვადედაკაცა“ შეარქვეს. გვალვის დროს ქალები მიდიოდნენ თურმე და მუჭით წყალს აპკურებდნენ.
„როგორ გადაარჩინა ქალმა სოფელი“
ლეკიანობის დროს ხალხი საიმედოდ დაცულ ადგილებში იხიზნებოდა. ერთხელ ისე შემოპარულან ლეკები, რომ ხალხს ვერ გაუგია. ერთმა ქალმა, რომელიც სოფლის განაპირას ცხოვრობდა ვერ მოასწრო გახიზვნა. ის შევიდა სახლში, ცეცხლიდან ლობიოს ქოთანი გადმოიღო და ჩადგა სახლის კარებში, თვითონ კარებს ამოეფარა. ლეკები კართან მივიდნენ, ნახეს ღია კარებში უცეცხლოდ დუღს ქოთანი, გაუკვირდათ, შეშინდნენ და თქვეს: „აქ რომ ქოთანს უცეცხლოს ადუღებენ ჩვენ რაღას გვიზამენო და გაშორდნენ სოფელს. ასე იხსნა ქალმა სოფელი.
„გაქვავებული და-ძმა“
ძველად დემეტრეს ეკლესიის შესასვლელში ყოფილა ორი სვეტი 1,2მეტრი სიმაღლისა.ამ ქვების შესახებ ასეთი თქმულება არსებობს სოფელში:
მტრის შემოსევისას დაიკარგა ერთი ოჯახის ქალ-ვაჟი. ისინი მტერს გაუტაცია და სხვადასხვა ოჯახში აღზრდილან. გავიდა დრო და ჩვენმა ჯარმა მტერზე გაილაშქრა და გატაცებული ქართველები გაანთავისუფლა. ხალხში და-ძმაც ერია. მატ ვეღარ იცნეს ერთმანეთი, მოეწონათ და გადაწყვიტეს ჯვრისწერა წმ.დემეტრეს ტაძარში. ორივეს შიში აეკვიატა თურმე და იტანჯებოდნენ ვაითუ ნათესავები ვიყოთო. მათ ღმერთს შესთხოვეს: „ღმერთო თუ ნათესავები ვართ, ორივე ქვად გვაქციეო“, ღმერთმა ორივე ქვად აქცია...
„მალხაზის წვერი“
თქმულება მოგვითხრობს, რომ პირველად ხალხი „კვირიკესა“ და „ელიას“ ეკლესიების ტერიტორიაზე სახლობდა. სოფელში ახოვანებითა და კარგი ოჯახიშვილობით გამოირჩეოდა ერთი კაცი, სახელად მალხაზი, რომელმაც საცხოვრებლად მაღალი მთა აირჩია. ერთხელ, მუშაობის დროს ჩაქუჩი დასჭირდა, ახლომახლოს არავინ ცხოვრობდა, რომ ეთხოვა. მალხაზი ჩაფიქრებულა და მიმხვდარა, რომ უმეზობლოდ და სოფლისგან მოწყვეტილს ცხოვრება გაუჭირდებოდა და ისევ სოფელში ჩასახლებულა. ხალხმა ამ ადგილს „მალხაზის წვერი“ უწოდა.

No comments:

Post a Comment