Monday, December 3, 2012

სახელოვანი რუისელები


რუისის ისტორიაში არაერთი ცნობილი და დამსახურებული პიროვნების სახელი ფიგურირებს. მათი ღვაწლი ძლიერ დასაფასებელია. აქ მოღვაწეობდნენ:
ანტონ მროველი (IX-XIს.ს)
ლეონტი მროველი (XII­-XIIIს.ს)-მან დაწერა „ქართლის ცხოვრება“. ცნობილია, რომ მის მიერაა გაკეთებული სოფელ თრეხვში რუისის საეკლესიო საგანძურის და სიწმინდეთა სამალავი ანუ ქვაბი. აქ აღმოჩენილი ქვაჯვარი გვეუბნება: „მე, ლეონტი მროველმან, დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქუაბი ხატისთვის ღმრთეებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისისა საყდრისა შვილთათვის ჟამთა შინა ალფარსლან სულტნისაგან ოხრობითა...“ ეს ქვაჯვარი თარიღდება 1066წლით.
დომენტი ავალიშვილი (XVI-XVIIს.ს)-იგი იყო ეპისკოპოსი, რომელიც იბრძოდა მარაბდის ომში ქართველი ერის გვერდით. ბრძოლის წინ, სწორედ მან აზიარა მეომრები ქრისტეს წმინდა სისხლს და ხორცს. მეომართა გვერდით იარაღით შეჭურვილი სამღვდელოებაც დამდგარიყო, რადგან ესეც წესად ჰქონდათ დადებული: ყოფნა-არყოფნის ზღვართან მყოფ საქართველოს ჯვრით და მახვილით იცავდა ერი და ბერი. ეპისკოპოსს ლაშქარმა შესძახა: „უკუეთუ დღეს აღიღებ მახვილსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხუამან და უკუეთუ არა, უმჯობეს არს შენს მიერ.“ მროველმა უპასუხა: „დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებასა და ქრისტეს მცნებასა და არა ჩემ ზედა, ამისათვის არა ვყო, უკუეთუ უწინარეს თქუენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახვილის ამღებმან.“ მან დალოცა ქართველი მხედრობა და თვითონაც, აბჯრით შეჭურვილი მეწინავე რაზმში ჩადგა.
ბერი ეგნატაშვილი-ქართველი ისტორიკოსი. იყო ვახტანგ VI-ის მიერ „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელების დასაწერად შედგენილი კომისიის ერთ-ერთი მონაწილე, შესაძლოა ხელმძღვანელიც. „ახალი ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერის აშიაზე გაკეთებული ორი მინაწერი მოწმობს, რომ ეგნატაშვილი ამ თხზულების ერთ-ერთი ავტორი იყო. გარდა ამისა, მისი ავტორობის კვალი ტექსტშიც ჩანს.
ნიკოლოზ ორბელიანი (1672-1732წ.წ)(შემდეგ ნიკოლოზ თბილელად წოდებული)-სულხან-საბა ორბელიანის ძმა, საეკლესიო მწერალი, რომლის მეშვეობითაც შემონახულია უამრავი საინტერესო ფაქტი.
დიონისე ლარაძე (XVIს.)
იონა გედევანიშვილი (1737-1821წ.წ)
რუისელები ყველა დროს იბრძოდნენ სარწმუნოებისა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. იგი ხშირად იყო კლასობრივი ბრძოლის არენა. 1794წელს რუისელმა გლეხებმა უარი თქვეს გადასახადებზე, მიატოვეს ბატონები და გაიხიზნენ.
გასაბჭოების შემდეგ ქართველი პატრიოტები ამზადებდნენ ამბოხს საოკუპაციო ხელისუფლების წინაღმდეგ საქართველოს გასანთავისუფლებლად კოტე აფხაზის მეთაურობით, მაგრამ პატრიოტები დააპატიმრეს, მათ შორის იყო 26წლის რუისელი ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი, რომელიც თოთხმეტ ქართველ პატრიოტთან ერთად საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლების განკარგულებით გაუსამართლებლად იქნა დახვრეტილი თბილისში 1923წელს. სიკვდილის წინ ლევანს მეტეხის ციხეში კედელზე წაუწერია შოთას სიტყვები: „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“
ივანე ირაკლის ძე კლიმიაშვილი (1904-1966წ.წ)- ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი, 1921წლის თებერვალში მონაწილეობდა კოჯრის ბრძოლებში. 1929წელს დაპატიმრებულ და გადასახლებულ იქნა ციმბირში.
ზაქარია მიხეილის ძე კლიმიაშვილი (1881-1934წ.წ)-ქართველი პედაგოგი, სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი. 1910წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი და დაიწყო მასწავლებლობა. კლიმიაშვილმა შეადგინა სახელმძღვანელოები: „საქართველოს სსრ ფიზიკური გეოგრაფია“(1927-44წ.წ), „სსრ კავშირის გეოგრაფია“(1929წ.), „კაპიტალისტური ქვეყნების გეოგრაფია“(1932წ.).
იოსებ ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი (1810-1874წ.წ)-ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1832წლის შეთქმულების მონაწილე. 1832-36წლებში ჯერ პატიმრობაში, შემდეგ გადასახლებაში იყო ქ.ვიატკაში. საგლეხო რეფორმის გატარების პერიოდში იგი იცავდა ყმა გლეხების ინტერესებს, რისთვისაც მეორედ გადაასახლეს საქართველოდან. გორში, მის ოჯახში იკრიბებოდნენ ცნობილი მწერლები და მოღვაწეები: ი. გოგებაშვილი, დ. ბაქრაძე, ა.ფურცელაძე, კ. მამაცაშვილი, ვ. თულაშვილი და სხვები. აქ დაიბადა პირველად „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების აზრი.
კონსტანტინე მამაცაშვილი-იგი ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მისი თაოსნობით 1879წელს რუისში გაიხსნა ერთ-ერთი პირველი სკოლა. სკოლაში თავდაპირველად ვაჟები დადიოდნენ, მერე კი გოგონებმაც დაიწყეს სიარული. კონსტანტინე მამაცაშვილის ოცნება იყო ქართველი ხალხის განათლება. ერთ-ერთ წერილში ნატრობს, რომ საქართველოს ჰქონოდა იმდენი სასწავლი დაწესებულება რამდენიც ტაძარი და ციხესიმაგრეც გაგვაჩნიაო.
გიორგი სიმონის ძე ეგნატაშვილი (1885-1962წ.წ)-ქართველი სპორტსმენი (ტანმოვარჯიშე) პედაგოგი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1937-41წლებში განაგებდა ტანვარჯიშის კათედრას საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში.
მეორე მსოფლიო ომში შვიდასი რუისელი მონაწილეობდა. აქედან სამას ორმოცდათერთმეტი ვეღარ დაბრუნდა უკან.
ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუისელებმა საქართველოში 90-იან წლებში გაშლილ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამ ბრძოლას შეეწირა რუისელი შალვა მღებრიშვილი (1961-1991წ.წ).
საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში, აფხაზეთში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა დათო ეგნატაშვილი (1965-1993წ.წ).
რისელები ასევე მონაწილეობდნენ 2008წლის აგვისტოს ომში. სოფელი დაიბომბა. დაიღუპა რამდენიმე ადამისნი რომლებმაც არ მიატოვეს სოფელი და ბოლომდე იქ იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ისინი მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.

No comments:

Post a Comment