Monday, December 3, 2012

შესავალი


„ერი,რომელიც დაივიწყებს თავის წარსულს მას მომავალი არა აქვს” ამბობს ილია ჭავჭავაძე...ჩვენ, საქართველოს შვილებს გვევალება ვიცოდეთ მისი ისტორია თავისი დიდებული თუ მძიმე წუთებით, რათა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე, გავაუმჯობესოთ მომავალი და დავტოვოთ ღირსეული ნაკვალევი აწმყოში. სწორედ ამიტომ, მე მსურს მოგითხროთ ჩემი სოფლის, რუისის ისტორია და რუისელების ღვაწლი საქართველოს ისტორიაში.მინდა ყველამ იცოდეს თუ რაოდენ დიდი წარსულის მქონეა იგი და რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მატიანეში.ის უძველესი და დიდი ტრადიციების მქონე სოფელია და მასთან დაკავშირებულია ჩვენი ერის ისტორიის არაერთი ღირსშესანიშნავი ფურცელი.ის ყოველთვის წარმოადგენდა ქართველ მეფეთა დიდ დასაყრდენს.
მინდა ეს სოფელი და მისი მნიშვნელობა დაგანახოთ იქ დაბადებული და გაზრდილი ადამიანისგან სხვა კუთხით, უფრო ღრმად ჩაგახედოთ მასში და მის ტრადიციებში.იმედია გავაქარწყლებ ხალხში გავრცელებულ აზრსაც რუისელების შესახებ და მიხვდებით, რომ უფრო დიდია მათი საგმირო საქმენი, ვიდრე რაღაც უარყოფითი, რომელიც ალბათ რომელიღაც ცალკეული ადამიანთა ჯგუფის მიერაა ჩადენილი და ამას საერთო არაფერი აქვს ამ ხალხის ბუნებასთან. რასაკვირველია მედლის ორი მხარის მსგავსად ყველაფერს გააჩნია დადებითი და უარყოფითი და მე ჩემს ნაშრომში ორივეს დაუფარავად წარმოვაჩენ.

რუისის შორეული წარსული


რუისი წარმოსდგება სიტყვა „რუ”-დან, რაც გვამცნობს, რომ ეს სახელი რუსთან, რწყვასთან არის დაკავშირებული. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსი” წერს: „სამფრით ურბნისისა არს რუისის მთის ძირ, დაბა დიდი რუისი, და ამ რუისი მთის სამფერის მინდორი ნიქოზამდე და ლიახვით დვანის წყლამდე ირწყვის ორის ლიახვის რუთი, თამარ მეფის ქმნულითა და ნაყოფიერებენ დაბნები ყოვლთავე მრავალნი...”
არავინ იცის როდის ჩაეყარა საფუძველი რუისს, ვარაუდობენ, რომ იგი ანტიკური ხანის ქალაქ ურბნისის ერთ-ერთი სამიწათმოქმედო რაიონი იყო. გარდა ამისა, სოფლის ჩრდილოეთით, დაახლოებით 1კმ-ში ადგილ სერებზე მდებარეობს ნასახლარი, რომელიც გვიან ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ნასოფლარზე იპოვება წითლად გამომწვარი, უხეში ფორმის თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები და სხვ.
წყაროების მიხედვით ფეოდალურ ხანაში რუისში საეპისკოპოსო კათედრალი იყო.ამის დასტურია, რომ არჩილის მეფობის დროს (410-434წ.წ) საქართველოს მთავარეპისკოპოსი მობიდანი იყო, რომელიც ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაში ნერგავდა არიოზის მწვალებლობას, მაშინ არჩილ მეფემ მოიწვია მთავარეპისკოპოსები, სადაც დაიგმო მობიდანის მოღვაწეობა. ამ კრებას სხვა ეპისკოპოსებთან ერთად რუისის ეპისკოპოსიც ესწრებოდა. შემდეგ კვლავ გვხვდება რუისის ეპისკოპოსი ანუ მროველი (ეპისტოლეთა წიგნში მოხსენიებულია როგორც „მარეული”) ,რომელიც 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შორის მეათე ადგილზეა დასახელებული.
ეს მოწმობს იმას, რომ რუისი მუდამ იყო მეფისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დასაყრდენი. ის იყო ეპარქიის ცენტრი, რომელიც მოიცავდა დღევანდელი ქარელისა და ხაშურის რაიონებს ლიხ-ტაშისკარამდე, ხოლო აწყურის ეპარქიის გაუქმების შემდეგ (XVIIს.) ისიც რუისის ეპარქიის შემადგენლობაში შემოვიდა. ამ ამბის შესახებ იუწყება ვახუშტი ბატონიშვილი: „არს რუისის მთის ძირს დაბა დიდი რუისი და ეკლესია ღვთაებისა, დიდი დიდშენი, ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ამ რუისის ზეითის ქართლსა და ლიხტაშისკარამდე და აწ ასევე მწყსის ხეობასა და სადგურს, ვინაიდან მაწყვერელი არღარა არს...” რუისის საეპისკოპოსო წარმოადგენდა  ფეოდალური საქართველოს მძლავრ კულტურულ საგანმანათლებლო კერას. აქ მდებარეობდა დიდი წიგნთსაცავი, სადაც ინახებოდა უამრავი ხელნაწერი. მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რუისის სახარება, რომელიც XI ს-ით თარიღდება. აქ ოდითგანვე არსებობდა საკათედრო ტაძარი. ის დღესდღეობითაც ამაყად გაჰყურებს წარსულს და იმედით ელის მომავალს.

რუისის საკათედრო ტაძარი


რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი VIII-IX ს.ს-ით თარიღდება, თუმცა მისი შესწავლისას სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ტაძრის მშენებლობაში VII საუკუნისთვის დამახასიათებელი სტილი შეინიშნება. გადმოცემით ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს, მაგრამ ამ ხანის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ტაძარს ხშირად ღვთაებისასაც უწოდებენ. ეს ტაძარი მრავალგზის დაუნგრევიათ საქართველოს მტრებს, მაგრამ მრავალგზის აღუდგენიათ საქართველოს შვილებს.
სწორედ ღვთაების ეკლესიაში აკურთხეს მეფედ გიორგი II და იგი აქედანვე მართავდა საქართველოს. ვინაიდან საქართველოში თურქ-სელჯუკები ბატონობდნენ, თბილისი ამირას ეპყრა, კახეთი განმდგარი იყო, დასავლეთ საქართველოში კი მეფის იურისდიქცია არ ვრცელდებოდა, 1072-83წლებში რუისი ქართლის, ანუ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. არსებობს გადმოცემა, რომ გიორგი II-ის ძე დავითი, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული რუისს ჰყავდა შეფარებული. რამეთუ მტერს არ სურდა ქვეყანას მემკვიდრე-პატრონი ჰყოლოდა, ამის გამო იგი მალულად იზრდებოდა რუისში, მამაცაშვილების ოჯახში. ამის დასამტკიცებლად გამოგვადგება ქართველი პოეტის, გრიგოლ ორბელიანის სიტყვა, რომელიც მან კონსტანტინე მამაცაშვილის იუბილეზე წარმოსთქვა 1885წელს, თბილისში. აი რას გვეუბნება იგი: „...ამ გრძელს ჩემს ცხოვრებაში მიცვნია ვინც ყოფილან მამაცაშვილები და ზოგნი მათგანნი მიცვნია ახლოდ. ყველანი ყოფილან სიქველისა და კეთილშობილურობის გრძნობით სავსენი და თუ მოვიგონებთ ძველთა დროთ და ძველ საუკუნეთ, მაშინ თვალწინ წარმოგვიდგება მამაცაშვილების გვარში დიდი ისტორიული ფაქტი, როდესაც ორასის წლის არაბთა მფლობელობის ქვეშ საქართველო იყო დანგრეული და უკანასკნელს განწირულობაში, მაშინ რუისში, მამაცაშვილების სახლში , უბრალო ქოხში, არაბთაგან უცნობად მიმალულად იზრდებოდა ერთი ბალღი...ის ბალღი, რომელიც გაზარდეს მათ იყო დიდი დავით აღმაშენებელი...” ასე რომ რუისელებმა გადაარჩინეს დავითი და ჩაუნერგეს მას ღვთისა და მოყვასის სიყვარული. აღზარდეს მეფე, რომელსაც მაშინდელმა მსოფლიომ ”მახვილი მესიისა” უწოდა.
საინტერესოა, რომ თანამედროვე ისტორიკოსები არ საუბრობენ ამის შესახებ და ეს მხოლოდ გადმოცემითაა შემორჩენილი. ყველაფერი კი ალბათ ერთი უბრალო მიზეზის გამო ხდება: დავითი, ყველასათვის ძალიან საყვარელი მეფე წმინდანია და ყველა ქართველს სურდა თავისი კუთხისთვის, თავისი სოფლისთვის დაეკავშირებინა ის და მისი მოღვაწეობა, მითუმეტეს შეფარება და აღზრდა...
რუისელებს ძალიან გვეამაყება ის ფაქტი, რომ 1104წელს, დავით IV აღმაშენებელმა მოიწვია რუის-ურბნისის კრება. „სანახებდა ქართლისათა, მახლობლათ ორთა საეპისკოპოსოთა რუისისათა და ურბნისისათა” ამ კრებაზე საფუძველი ჩაეყარა იმ დიდ და ძლიერ საქართველოს, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე.” დავითის მეისტორიე წერს რომ „მეფეს დრო და ადგილი თვითონ შეურჩევია. ერთიც და მეორეც მისთვის სასურველი და მოსახერხებელი ყოფილა.” ეს კიდევ უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ დავითი მართლაც რუისში გაიზარდა, რადგან ადამიანისთვის ყველაზე მოსახერხებელი და სასურველი ის გარემოა, სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც მუდამ მხარში ამოუდგებიან...ამ კრებაზე წარმოითქვა სიტყვები: „არ გეცრუვებით შენ, ჩვენი სიწმინდით მშობელო წმიდაო კათოლიკე ეკლესიაო! არც გაგცემთ შენ, ჩვენო სიამაყევ-მართლმადიდებლობავ!” ამ ფაქტით მტკიცდება რუისელთა ერთგულება მეფისა სა სარწმუნოების მიმართ და მეფის დიდი ნდობა რუისისა და ურბნისის მოსახლეობის მიმართ.
დავითის ისტორიკოსი წერს, რომ მეფეს ძალიან ჰყვარებია ღვთაების ეკლესიის მიდამოებში არსებულ ჭალაში სეირნობა. ტაძართან მოჩუხჩუხე ანკარა წყაროა, რომელსაც რუისელები დავითის წყაროს ვუწოდებთ.