Monday, December 3, 2012

ფანიაშვილების ტრაგედია


მას 1924წლის რუისის ტრაგედიასაც უწოდებენ. ის რუისისა და რუისელებისთვის ძალზედ სამარცხვინო ლაქაა, რომელიც ეპოქამ წარმოშვა და თავს დაატეხა რუისელებს და საერთოდ ქართველ საზოგადოებას.
როგორც ყველასთვის ცნობილია 1924წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად მოხდა აჯანყება, რომელიც ბოლშევიკებმა ჩაახშეს. ამ პერიოდში ჩვენს სოფელზე თვითმფრინავმა გადმოიფრინა და პროკლამაციები ჩამოყარა, სადაც ეწერა: „რკინის ცოცხით აჰგავეთ თავადაზნაურობაო“. რუისის აზნაურები, ოთხმოცდათექვსმეტი ადამიანი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში შეკრიბეს. მათ ძირითად ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენდნენ, რადგან წინა დღეებში მამაკაცები დაეპატიმრებინათ. ისინი მამა დავითმა დალოცა და დააიმედა, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა. ისინი წაიყვანეს... რუისელებს საბედისწერო შეცდომა მოუვიდათ, რადგანაც ბრბოს მექანიზმმა იმოქმედა. გადარეულ ბრბოს კი წინ ვერავინ დაუდგება, ის მასაა, ჯგროა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ეს ადამიანები წაიყვანეს ერთ ხევთან, რომელსაც ლაშეს წყალს ეძახიან. გააჩერეს და ჩაამწკრივეს. პატარები დედებს წინ დაუყენეს გონებადაბინდულმა ადამიანებმა. გაისმა სროლის ხმა და ყველა მოცელილივით დაეცა. გარდაცვლილები ხრამში ჩაყარეს და მიწა მიაყარეს. ამ დროს მოხდა სასწაული, თერთმეტი წლის ზურაბ ფანიაშვილი, რომელსაც  მამიდა გადაეფარა და მასში გავლილი ტყვია მოხვდა მსუბუქად დაიჭრა. ამას გარდა მან ოცდასამი ჭრილობაც მიიღო, მაგრამ ოთხმოცდათექვსმეტ ადამიანს შორის ის სიკვდილს გადაურჩა. სამი დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს. თრითინას ხვრელი გაუკეთებია მისი პირიდან მიწის პირამდე, რათა ესუნთქა...ტრაგედიის ადგილას ხალხი მისულა, რათა დაღუპულთათვის ყვავილები მიეტანათ, ამ დროს გაიგონეს მისი კვნესა და კეთილმა ადამიანებმა დახმარება აღმოუჩინეს მას.
შემდგომში ზურაბ ფანიაშვილი იყო ცენტროლიტის გენერალური დირექტორი, კადრის პოლკოვნიკი. მისი შვილი, ღირსეული ქართველი მედეა ფანიაშვილი იყო ცნობილი პიანისტი, საქარტველოს დამსახურებული არტისტი, საზოგადო მოღვაწე. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სამუსიკო პედაგოგიურ ინსტიტუტს.
ეს ისტორია არის ჩვენი თანასოფლელების ცოდვა, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო. შეცდომა, რომელიც შეეშალათ მამებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ გამოასწორებენ შვილები და  მომავალში ავაშენებთ უფრო ნათელ და დიდებულ მომავალს ჩვენი მომავალი თაობისთვის. „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა!“
ფანიაშვილების ტრაგედიის ადგილას რუის-ურბნისის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით აღმართეს ჯვარი, სოფლის მკვიდრმა გია გიორგაძემ კი მემორიალი.

No comments:

Post a Comment